საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფი გაეროსთან აკრედიტებული ელჩები მიიღო.
მინისტრისა და სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებს შორის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს, საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ვითარებას.
"მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩებს საქართველოში ვიზიტისა და საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის. აღინიშნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს საკითხის აქტუალობა და საქართველოს ჩართულობის მნიშვნელობა ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული საკითხების გადაწყვეტაში.
გაეროს 7 მუდმივი წარმომადგენელი ურუგვაიდან, სენტ-ვინსენტი და გრენადინიდან, შრი-ლანკიდან, ბენინიდან, სენტ-ლუჩიადან, ნამიბიიდან, კონგოდან და ზამბიიდან საქართველოს 5-12 მაისს სტუმრობს. ელჩებმა შეხვედრები გამართეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
უცხოელ დიპლომატებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ სხვადასხვა სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ. სტუმრებმა მოინახულეს იუსტიციის სახლი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.
მუდმივი წარმომადგენლების ინტერესის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ გამოხატა რეფორმების გამოცდილების გაზიარებისთვის მზადყოფნა. ვიზიტის ფარგლებში ელჩები შეხვდნენ ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს როგორც პრეზიდენტს, ასევე პრემიერ -მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრს.
გაიმართება ელჩების შეხვედრები კახეთის რეგიონში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში", - აღნიშავენ საგარეო უწყებაში.