კითხვებზე, რომელიც ადასტურებს თეიმურაზ ჯანაშიას აბსოლუტურ უდანაშაულობას, მოწმე პასუხის გაცემას იმ სტანდარტების შეუსაბამოდ გაურბოდა, - განაცხადა ჟურნალისტებთან ე.წ. პიჯაკების საქმეზე ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულ თეიმურაზ ჯანაშიას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.
მისი შეფასებით, დღევანდელ პროცესზე დაკითხული მოწმე, აუდიტის სამსახურის მთავარი აუდიტორი მიკერძოებული იყო.
"პროკურორის შეფასებები ღიმილისმომგვრელია, რამდენადაც წინა ორი პროცესი ბრალდების მხარე კითხავდა მოწმეს, რატომღაც პრობლემა ჩვენი დაკითხვა გახდა. სინამდვილეში ბრალდების მხარე ცდილობდა დაკითხვის დროულ წარმართვას ხელი სრულიად უადგილო პროტესტებით შეშლოდა.
ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მოცემული საქმე გადაიქცა გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკად.
ბრალდების მხარე, აუდიტის წარმომადგენელი მოწმე, მოსამართლე, ყველანი ერთად, სინქრონულად მოქმედებენ საიმისოდ რომ შეთხზული ბრალდება და შეთხზული დასკვნა რაც აუდიტის სამსახურმა გასცა, "გააპრავონ". მოცემული მოწმე უაღრესად მიკერძოებული, ტენდენციურია. კრიტიკულ კითხვებზე სცემდა პასუხს, რომ ამის შემოწმება ჩემს უფლებამოსილებაში არ შედიოდაო. ამ დროს საქმეში არავითარი დოკუმენტი არ არსებობს, თუ რა უნდა შეემოწმებინა და რა ფარგლებში უნდა მოედინა ექსპერტიზის ჩატარება. მნიშვნელოვან კითხვებზე, რომელიც ადასტურებს თეიმურაზ ჯანაშიას აბსოლუტურ უდანაშაულობას,მოწმე პასუხის გაცემას იმ სტანდარტების შეუსაბამოდ გაურბოდა, რაც აუდიტორს მოეთხოვება. ეს იყო არაკომპეტენტური, მიკერძოებული და დაინტერესებული პირის ჩვენება, რომელიც ცდილობს კბილებით გაიტანოს მისი დასკვნა, რაც ბრალდების მხარის სასარგებლოდაა წარმოდგენილი.
თეიმურაზ ჯანაშიას რა ხარჯების გაღებასაც ედავებიან, ამ ხარჯების გაღებასთან დაკავშირებით, გადაწყევტილება მიღებული აქვს ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და გამოყოფილი აქვს თანხა, ან საქართველოს პარლამენტს, რომელიც წლიური საბიუჯეტო კოდექსითაა გათვალისწინებული. რატომღაც, თანხის გამოყოფა საინტერესო არ არის და თანხის ხარჯვის მიზნობრიობას იკვლევენ, გამოყოფასთან დაკავშირებით კი ხმას არ იღებენ, რადგან გარკვეულ პირებს უნდათ ხელი დააფარონ, ან ამ ხარჯების გამოყოფა იმ ფორმით, რა ფორმითაც გამოიყო, აბსოლუტურად ათავისუფლებს თეიმურაზ ჯანაშიას ბრალეულობისგან და ამის აღიარება არ უნდათ", - აცხადებს ბექა ბასილაია.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას, სახელმწიფო ბრალდება საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.