მაროკოს სამეფოს პარლამენტის დელეგაცია, რომელიც საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობით დაინტერესდა. უცხოელ სტუმრებს დღეს კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე და კომიტეტის წევრი, გრიგოლ მიქელაძე შეხვდნენ.
ირაკლი კოვზანაძემ მაროკოელ კოლეგებს კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებისა და შესრულების კონტროლის მექანიზმი, აგრეთვე ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები: დეპოზიტების დაზღვევის, საპენსიო და კაპიტალის ბაზრის რეფორმები. შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით მიღწეულ წარმატებაზე.
„სტუმრებს აინტერესებდათ, თუ რა შეიძლება გაითვალისწინონ „ღია მმართველობის“ დანერგვის პროცესში. როგორც მოგეხსენებათ, საბიუჯეტო გამჭვირვალობის თვალსაზრისით, საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილზეა. შეხვედრაზე ვისაუბრეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჩართულობის შესახებ ჩვენს საქმიანობაში, ეროვნულ ბანკთან ურთიერთობისა და ინფლაციის მიზნობრიობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ვფიქრობ, ჩვენს გამოცდილებას გაითვალისწინებენ და დღევანდელი შეხვედრა მათთვის ნაყოფიერი იქნება“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.