ბრიტანელი ექსპერტების მიერ დადებული დასკვნით პასუხი გაეცემა ყველა იმ შეკითხვას, რომელსაც ვერ პასუხობს ბრალდების მხარის ვერცერთ მტკიცებულება, - განაცხადა ჟურნალისტებთან ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ.
როგორც ის განმარტავს, დაცვის მხარე შეძლებს სასამართლო საკუთარი პოზიციის სიმართლეში დაარწმუნოს.
"საქმეზე ძირითადი მოწმეების დაკითხვა უკვე დასრულებულია. დარწმუნებული ვარ, დაცვის მხარე წარმატებით შევძლებთ დავარწმუნოთ სასამართლო საკუთარი პოზიციის სისწორეში. აქვე აღვნიშნავ, რომ დაახლოებით, ერთ კვირაში, ბრიტანელი ექსპერტები უკვე საქართველოში იქნებიან, გააგრძელებენ მუშაობას და როდესაც მათ გადაეცემათ ნივთმტკიცებები, დაახლოებით, 4 დღეში ისინი დადებენ დასკვნას. შესაძლოა, ექსპერტიზა გაცილებით უფრო დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პირველ ინსტანციაში წარმოვადგინოთ ექსპერტიზის დასკვნები და პირველ ინსტანციაშივე მოეფინოს ნათელი ყველაფერს. არსებობს იმის რეალური საშიშროება, რომ ჩვენ პირველ ინსტანციაში ვერ წარმოვადგინოთ ექსპერტიზის დასკვნები და ამ შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით, სააპელაციო სასამართლოში წარმოვადგინოთ დასკვნები. დარწმუნებული ვარ, რომელ ინტსანციაშიც არ უნდა იყოს ეს, ექსპერტიზის დასკვნები იქნება კატეგორიული და ის მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომელსაც აუცილებლად გაიზიარებს სასამართლო. ბრიტანელი ექსპერტები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხშირად ჩამოვიდნენ საქართველოში, მაქსიმალურად დიდი დრო გაატარონ ამ დასკვნებზე სამუშაოდ და მე დარწმუნებული ვარ, მათ მიერ დადებული დასკვნა კარგად დასაბუთებული იქნება. მათ მიერ დადებული დასკვნით პასუხი გაეცემა ყველა იმ შეკითხვას, რომელსაც ვერ პასუხობს ბრალდების მხარის ვერცერთ მტკიცებულება", - აცხადებს კაკაბაძე.
ცნობისთვის, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიან გარჩევას, ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.