ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა განახლდა.
როგორც საქმის პროკურორი, ზვიად ფხაკაძე აცხადებს, დღეს 3 მოწმის გამოკითხვა და ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევაა დაგეგმილი.
"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გაგრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. ბრალდების მხარე დღევანდელ სხდომაზე დაკითხავს მოწმეებს, მათ შორის იქნება საქმის მწარმოებელი გამომძიებელი, რომელმაც მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მოიპოვა მოცემული საქმის გამოძიების სტადიაზე. გარდა ამისა, დაიკითხებიან თვითმხილველი მოწმეები, რომლებმაც უშუალოდ იხილეს ხორავას ქუჩაზე განვითარებული მოვლენები, ფაქტობრივი გარემოებები, რაც 2017 წლის პირველ დეკემბერს განვითარდა. ხსენებული პირები კონფლიქტის ადგილზე იმყოფებოდნენ და ისაუბრებენ იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ნახეს და აღიქვეს ფაქტობრივი გარემოებები. ეს პირები გამვლელები არ არიან, მაგრამ კონკრეტიზაციას ვერ მოვახდენ.
დროის გათვალისწინებით, შესაძლებელია გამოკვლეული იყოს ნივთიერი მტკიცებულებები. აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულებები გამოძიების სტადიაზე იქნა ამოღებული და ერთ-ერთ ბრალდებულს ეკუთვნის", - აცხადებს ფხაკაძე.
ცნობისთვის, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიან გარჩევას, ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.