თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტებისთვის ხელშეწყობასა და წევრობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის 5 მოწმე დაიკითხება. საქმის პროკურორის, ნანა ხუნჯუას განცხადებით, მოწმეები ბრალდებულების მხრიდან დანაშაულის ჩადენაზე ისაუბრებენ.
„ერთ-ერთი მოწმე ისაუბრებს ძებნილ ბრალდებულთან, რუსლან შავაძესთან დაკავშირებით და ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ მის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ასევე, ერთი მოწმე ისაუბრებს შილდის ტყის სამარხიდან იარაღის თბილისში გადმოზიდვასთან დაკავშირებით. მოწმეები ერთმანეთისგან განსხვავებულ საკითხებზე მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდიან სასამართლოს“, - აცხადებს ხუნჯუა.
ცნობისთვის, სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული 6 პირიდან, 4- ს ბრალი ტერორისტებისთვის ხელშეწყობაში, ხოლო 2 პირს, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ედება ბრალი, ერთ- ერთს ასევე ბრალი ედება საქართველოში ტერორისტული მიზნით შემოსვლაში.