შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში არასრულწლოვანს გენდერული იდენტობის გამო სცემეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, 2001 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს, მისი ჩაცმულობისა და გარეგნობის გამო, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
არასრულწლოვანმა მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ სამართალდამცველებს აცნობა. გ.ფ.-ს მითითებით, პოლიციამ ინციდენტის მონაწილე პირები იმავე ქუჩაზე, შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დააკავა,
ძალადობის ბრალდებით, დაკავებულია 2 პირი: 1994 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ვ.ხ. და 1992 წელს დაბადებული ვ.ბ. ისინი თბილისში დააკავეს. მომხდარზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.