ბათუმს მალე ახალი თანამედროვე სტანდარტების სასტუმრო შეემატება. 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო GRAND GLORIA ბათუმში ივნისში გაიხსნება.
დასკვნით ტექნიკურ სამუშაოებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან ერთად გაეცნო.
სასტუმროს შესახებ ინფორმაცია მთავრობის წარმომადგენლებს შპს „გლორიას“ დირექტორმა მურატ თანსუმ მიაწოდა.
„ზაფხულის სეზონისთვის რეგიონს კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო შეემატება 170-მდე სასტუმრო ნორმით. სასტუმრო სრულყოფილად იფუნქციონირებს ოთხივე სეზონის განმავლობაში და მისი კონცეფციიდან გამომდინარე, დამსვენებლებს შეეძლებათ წელიწადის ნებისმიერ დროს სტუმრობა. აღნიშნულ ობიექტს ჰყონდა შეფერხებები, ჩვენი მხრიდან ინვესტორებთან იყო სწორი კომუნიკაცია, მოხდა მაქსიმალური ხელშეწყობა და ვალდებულებების გადავადება, რამაც შედეგი გამოიღო და დღეს უკვე გვაქვს დასრულებული და წარმატებული პროექტი“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
სასტუმროს მშენებლობით აჭარაში 31 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
მშენებლობის პროცესში 200, ხოლო სასტუმროს ფუნქციონირებისას 100 ადგილობრივი დასაქმდა.
168 ნომრიან სასტუმროში 2 საკონფერენციო დარბაზი, ღია და დახურული საცურაო აუზები, რესტორანი, სპა, საუნა ფუქნციონირებს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე და მომდევნო წლებში, მხოლოდ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში, 27-მდე განთავსების ობიექტი შეემატება, რაც დამატებით დაახლოებით 5800-მდე საწოლ ადგილს შექმნის რეგიონში.