კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 46-ე კილომეტრზე, დაბა მანგლისთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ავარიის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 17 ადამიანი.
არსებული ინფორმაციით, კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 46-ე კილომეტრზე, დაბა მანგლისთან ახლოს, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, წალკიდან კოდის მიმართულებით მოძრავმა “მერსედესის” მარკის სამარშუტო ტაქსის მძღოლმა ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. როგორც ირკვევა, მიკროავტობუსის მგზავრები ფოკას დედათა მონასტერში მოსალოცად იმყოფებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.