"დღევანდელ სხდომაზე უშუალოდ ჩხუბში მონაწილე პირი არ დაგვიკითხავს, თუმცა, დავკითხეთ პირი, რომელმაც უშუალოდ გადამალა ჩხუბში მონაწილე პირები სხვა ადგილას და რომელმაც სავარაუდოდ, ყველაფერი გააკეთა, რათა საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებები დამალულიყო, გამოძიებას საქმეზე უტყუარი მტკიცებულებები ვერ მოეპოვებინა. ეს ყველაფერი მისივე ჩვენებით დგინდება", - განაცხადა ჟურნალისტებთან, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩხუბსა და მკვლელობაში გარდა ორი ბრალდებულისა, სხვა პირებიც მონაწილეობდნენ, ისინი დაკავებულები არ არიან. "მოწმის ჩვენება სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით აბსოლუტურად განსხვავდება იმ ჩვენებებისგან, რომელიც ჩხუბში მონაწილე პირებმა მისცეს.მათ შორის, მისმა შვილმა, რომელმაც სასამართლოს სულ სხვა ინფორმაცია მიაწოდა ჩხუბის შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მოწმე ამბობს რომ ჩხუბის ფაქტი არ უნახავს თუმცა, მისი შვილისგან გარკვეული ინფორმაციები აქვს, თუ რა მოხდა. მოწმემ დაადასტურა, რომ მისი შვილი არის პიროვნება რომელიც ჩხუბში უკან არასდროს დაიხევს. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მისმა შვილმა რა გააკეთა, მას საკუთარი თვალით არ უნახავს. მოწმის ჩვენება მნიშვნელოვანია,რადგან კონკრეტულმა პირებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა კონკრეტული პირების მიერ დანაშაულის ჩადენა დამამლულიყო და კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე არ დასჯილიყვნენ. დაცვის მხარის პოზიციაში სრულად ჯდება მოწმის ჩვენების გარკვეული ნაწილი, საიდანაც უტყუარად დგინდება, რომ დაინტერესებული პირების მიერ გარკვეული პირების მიმართ ხელის დაფარება მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში გაცილებით მეტი პიროვნება მონაწილეობდა ვიდრე ეს ორი, ან სამი ადამიანია,მხოლოდ ორი მისცეს პასუხისგებაში, ხოლო დანაშაულის სავარაუდო მონაწილე პირები პასუხისგებაში არ არიან მიცემული", - განმარტავს ადვოკატი. როგორც კაკაბაძე აცხადებს, მოწმეს მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ხელი არ დაუდია. "მას არ დაუდია ხელი ჩემი დავის ქვეშ მყოფისთვის, ვინაიდან მოწმე ფაქტის თვითმხილველი პირი არ არის, თქვა არ ვიცი იქ რა მოხდა, მხოლოდ იმ ინფორმაციას ვეყრდნობი, რაც ბრალდებულმა მომაწოდაო. შესაბამისად, მოწმის ჩვენება, პირდაპირ, უტყუარ მტკიცებულებად ვერ შეფასდება. ჩემს მიერ დასმულ უამრავ შეკითხვაზე მოწმემ უპასუხა, რომ არ იცის, თუ რა მოხდა ჩხუბის დროს. ძალიან მარტივ კითხვაზე, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, თუ კონკრეტული პირი, არ მონაწილეობდა დაჭრის პროცესში, არ ჩაუდენია სისხლის სამართლის დანაშაული, რატომ გააკეთა მან ყველაფერი რათა ეს პიროვნება დაემალა და რატომ ეშინოდა მას შურისძიების, მოწმემ დამაჯერებელი პასუხები ვერ გასცა. სამწუხაროდ არ შემიძლია ციტირებებთან დაკავშირებით საუბარი, თუმცა, აღნიშნულ უმნიშვნელოვანეს კითხვასთან დაკავშირებით, მოწმის ჩვენება აბსოლუტურად არადამაჯერებელი იყო", - აცხადებს ადვიკატი. ცნობისთვის, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიან გარჩევას, ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.