"დღეს თენგიზ კალანდია დაიკითხა, რომელმაც ისაუბრა გარკვეულ დეტალებზე. გარკვეული დეტალები უარყო, გარკვეული დეტალები დაადასტურა. ფაქტია, რომ ეს კაციც რაღაცას, მთავარს მალავს", - განაცხადა პროცესის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ.
როგორც ის განმარტავს, თენგიზ კალანდია ყოფილ პროკურორთან, მირზა სუბელიანთან მისი შვილის კავშირს მალავს.
" კალანდიამ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ცდილობდნენ ბავშვების გადამალვას, ასევე იმაზე თუ ვინ გადამალა. სად გადამალეს ეს არ უთქვამს. მას არ დაუდასტურებია სუბელიანთან კონტაქტი, რომლის დროსაც ისაუბრეს იმაზე, თუ ვინ რა გააკეთა. არ უსაუბრია იმაზე, მოუყვა თუ არა, მისმა შვილმა დეტალები. ჩემი აზრით, ის მალავს სუბელიანთან კავშირს და თავის შვილის მოქმედებებს. საკუთარ შვილზე ასე თქვა - "ჩემი შვილი ჩხუბს, როგორც კი დაინახავდა, უკან არ დაიხევდა, პირდაპირ ჩაერთვებოდა ჩხუბშიო". იცის რომ მისი შვილი მონაწილეობდა ჩხუბში, მაგრამ დანა ჰქონდა თუ არა, ეს არ იცის. ასევე კალანდიამ ხელი დაადო ერთ-ერთ ბრალდებულს, გ.ჯ.-ს და თქვა, რომ ბრალდებულმა თავად მოუყვა, რომ დანა დაარტყა ჩემს შვილს.
მასზე ფიზიკური ზეწოლა უარყო. დაუსვეს ეს კითხვა და გამორიცხა. განაცხადა, რომ არავითარი ზეწოლა არ ყოფილა და არ იცის საიდან მოიტანა ეს მისმა შვილმა", - აცხადებს სარალიძე.
ცნობისთვის, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიან გარჩევას, ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.