პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან სოფო კილაძის გადადგომის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა.
პეტიციაზე ხელმომწერები ითხოვენ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ დატოვოს თანამდებობა, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობამ კომიტეტის თავმჯდომარედ შეარჩიოს პირი, რომელსაც აქვს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სწორი და ჰუმანური ხედვა და კომპეტენცია.
"მნიშვნელოვანია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდეს განცდა, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მათი უფლებების დამცველია.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისთვის, საქმიანობის ამოსავალ წერტილს უნდა წარმოადგენდეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, ჩაგრული ჯგუფების უფლებების დაცვა და მჭიდრო თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან.
მე-9 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის გამონათქვამებმა თუ ინიციატივებმა გამოხატვის, უმცირესობების და სხვა უფლებებთან დაკავშირებით, არაერთხელ გამოიწვია საზოგადოების პროტესტი. კრიტიკას ვერ უძლებს მის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ინიციატივებთან დაკავშირებით და საჯარო დისკუსიებისას მის მიერ გამოყენებული ტერმინოლოგია. მისი დამოკიდებულება ჩაგრული ჯგუფების მიმართ შეუსაბამოა საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურად გაცხადებულ პოლიტიკასთან, ზოგ შემთხვევაში ეწინააღმდეგება მას. კილაძის განცხადებები სიძულვილით არის სავსე და მიმართულია სხვადასხვა ჯგუფის ჩაგვრის გამართლებისკენ. მთლიანობაში, კომიტეტის თავმჯდომარის საქმიანობა და საჯარო განცხადებები იმაზე მიუთითებს, რომ მისი დამოკიდებულება და საქმიანობა სრულიად შეუსაბამოა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან მის ამჟამინდელ თანამდებობასთან", - წერია მიმართვაში.
ცნობისთვის, 1-ელ მაისს ლგბტ აქტივისტებმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან სოფო კილაძის გადაყენების მოთხოვნით, კომიტეტის სხდომაზე პლაკატები გაშალეს. ლგბტ აქტივისტების მიერ პლაკატების გაშლას დარბაზში ხმაური მოყვა, რის შემდეგაც ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.
თავდაპირველად კილაძის გადადგომის მოთხოვნით, ლგბტ აქტივისტებმა აქცია პარლამენტთან გამართეს. მოგვიანებით, ისინი კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შევიდნენ.
მოგვიანებით, სოფო კილაძემ ლგბტ აქტივისტებთან სამუშაო რეჟიმში შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
ლგბტ აქტივისტების განცხადებით, სოფო კილაძის საქმიანობა და ღირებულებები ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის პრინციპებს არ შეესაბამება.
პეტიციაზე ხელმოწერა შესაძლებელია აქ.