შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს აშშ-ს ევროპული სარდლობისა და აშშ-ს არმიის სამოქალაქო-სამხედრო საგანგებო მზადყოფნის (CMEP) შემფასებელთა დელეგაცია ეწვია.
ვიზიტის მიზანი იყო საგანგებო სიტუაციებისას სახელმწიფო უწყებების ფუნქციებისა და მათი როლის განსაზღვრა, ასევე, კოორდინაციის მექანიზმის შეფასება.
„112“-ის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებული ვითარებისა და ცენტრის ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. სტუმრებმა ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს და ზარის მიღებისა და დამუშავების სპეციფიკას გაეცნენ.
ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს ევროპული სარდლობისა და აშშ-ს არმიის სამოქალაქო-სამხედრო საგანგებო მზადყოფნის (CMEP) შემფასებელთა დელეგაციის წევრები საპატრულო პოლიციის, სასაზღვრო პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პროცესში მათი შესაძლებლობები და ფუნქციები განიხილეს.