სპორტული კომპლექსის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს.
სამუშაო პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე გაეცნენ.
ამ ეტაპზე ტერიტორიის რკინა-ბეტონით საძირკვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც საძირკვლის შევსების, მონოლითური რკინა-ბეტონის სვეტებისა და ნოლნიშნულამდე კედლების მოწყობის სამუშაოები დაიწყება.
პროექტის ფარგლებში პარალელურად ტერიტორიის ეზოს და პარკირების ადგილის ფუძის მოწყობა ხორციელდება. სამუშაოებში დღეისათვის 60 ადამიანია დასაქმებული.
3400 მაყურებელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის სამშენებლო ფართი დაახლოებით 23 000 კვ.მეტრია და იქ სხვადასხვა სპორტული სახეობის სექცია განთავსდება:
სპორტული ტანვარჯიშისა და მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზი; ბ/რ ჭიდაობის დარბაზი; თავისუფალი ჭიდაობის დარბაზი; სპორტული ცეკვების დარბაზი; ჭადრაკის დარბაზი; ტაეკვონდოს დარბაზი; ქართული საბრძოლო ხელოვნების დარბაზი; უნივერსალური ტრანსფორმირებადი დარბაზი; კრივის დარბაზი. უნივერსალური და სპორტული ტანვარჯიშის დარაბზები დაგეგმარებულია მომიჯნავედ ისე, რომ საჭიროების შემთხვევაში მათი ერთ სივრცედ გაერთიანება იქნება შესაძლებელი.
გარდა ძირითადი ფუნქციონალური დარბაზებისა თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსში ადმინისტრაციული ფართები, საკონფერენციო დარბაზი, სამედიცინო პუნქტი, VIP ზონა და მედიისთვის განკუთვნილი ადგილები, ასევე გასახდელები და სხვა დამხმარე ობიექტები მოეწყობა.
შენობას ასევე ღია ავტოსადგომი ექნება. კომპლექსი შშმ პირებისთვის იქნება ადაპტირებული.
მშენებლობის ღირებულება - 61 977 777 ლარი.
მშენებლობის დასრულება: ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 თვე (ხელშეკრულება 2018 წლის 8 იანვარს გაფორმდა)