საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე დღეს 1-ლი მაისიდან საქართველოში ამოქმედებულ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ახალ კანონსაც გამოეხმაურა.
„მაშინ, როდესაც მსოფლიოში თამბაქოსგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 10%-ია, საქართველოში ეს რიცხვი 22%-ს შეადგენს. ეს არის კატასტროფული მდგომარეობა. ამიტომ, მოვუწოდებ და ვთხოვ მოქალაქეებს, გაგებით მოეკიდონ ამ კანონს. ჩვენ უნდა დავიცვათ თამბაქოს კვამლისგან ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით ბავშვები.
მსოფლიოში ემპირიულად დადგენილია, რომ ასეთ კანონის მოქმედება მკვეთრად ამცირებს თამბაქოს მოხმარებას. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, გაგებით მოვეკიდოთ, განსაკუთრებით - ბიზნესსუბიექტებს, რომლებსაც ეს ეხებათ. რა თქმა უნდა, მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეფექტურად განახორციელოს ამ კანონის აღსრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი. თუმცა, როგორც შსს-ს განცხადებაშიც იყო ნათქვამი, მოქალაქეების მხრიდან ამ პრობლემის გაგება და თანამშრომლობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მისი ეფექტურობისთვის”, აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.