საქმეზე დაკითხული ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით, რომელიც შემთხვევის ადგილზე უშუალოდ იმყოფებოდა, დადასტურდა გარკვეული დეტალები, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბრალდებულებზე ბრალად შერაცხული ქმედებასთან - განაცხადა ჟურნალისტებთან, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ.
როგორც ის განმარტავს, აღნიშნული მოწმის ჩვენებას ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვაში გამოიყენებს.
"ერთი მოწმე, რომელიც სასამართლო სხდომაზე დაიკითხა, უშუალოდ იმყოფებოდა ხორავას ქუჩაზე განვითარებული მოვლენების დროს. კერძოდ, 2017 წლის პირველ დეკემბერს, მან პირადად ნახა, თუ რა ვითარებაში მოხდა ჩხუბის დაწყება და გაგრძელება.
ასევე დაიკითხნენ სხვა მოწმეები ,რომლებმაც ზოგადად ისაუბრეს მომხდართან დაკავშირებით და ასევე ისაუბრეს იმასთან დაკავშირებით, კონფლიქტის მონაწილე, თუ როგორ მივიდა ერთ-ერთთან სახლში, როგორ იყო მისი ზედა დაზიანებული,სისხლიანი.
სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა გამომძიებელი, რომელმაც მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვება განახორციელა. სწორედ აღნიშნული გამომძიებლის მიერ, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მოპოვებული იქნა ერთ-ერთი დანა, რომელიც საქმეში ფიგურირებს და რომელზეც არის გარდაცვლილი ორი პირის დნმ პროფილი და ასევე ერთ-ერთი ბრალდებულის დნმ პროფილი. ბრალდების მხარე ადასტურებს რომ აღნიშნული დანით დანაშაულებრივი ქმედება იყო ჩადენილი.
ასევე გამოკვლეული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები. ბრალდების მხარე კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, რათა დაცვის მხარეს მივცეთ ნივთიერი მტკიცებულებები. თუმცა, დაცვის მხრიდან ნივთიერი მტკიცებულებების გადაცემის მოთხოვნის შესახებ რაიმე ინფორმაცია, რაიმე დოკუმენტი არ წარმოდგენილია. შესაბამისად, ბრალდების მხარე მოკლებულია შესაძლებლობას, დაცვის მხარეს მივაწოდოთ საკვლევი მასალა.
საქმეზე დაკითხული ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით, რომელიც შემთხვევის ადგილზე უშუალოდ იმყოფებოდა, დადასტურდა გარკვეული დეტალები, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბრალდებულებზე ბრალად შერაცხული ქმედებასთან. ბრალდების მხარე ხსენებული მოწმის ჩვენებას აუცილებლად გამოიყენებს დასკვნითი სიტყვის დროს", - აცხადებს ფხაკაძე.
ცნობისთვის, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიან გარჩევას, ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.