ნივთმტკიცებებს რამდენიმე დღეში წავიღებთ და ამავე თვეში წარმოვადგენთ ექსპერტიზის დასკვნას. ჩვენი მხარე ფიქრობდა, რომ მეორე მხარეს უნდა წაეღო, ვინაიდან ისინი აცხადებენ, რომ დაახლოებით, თვის ბოლოს სურთ ნივთმტკიცებები, პირველი სავარაუდოდ ჩვენ წავიღებთ - განაცხადა ჟურნალისტებთან ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ერთ- ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, ინგა შარაშენიძემ.
მისი განმარტებით, დღეს და წინა სხდომაზე წარმოდგენილი მოწმეები მნიშვნელოვან ჩვენებებს აძლევენ.
"რამდენიმე სხდომის წინ დაამთავრა ბრალდების მხარემ თავისი მოწმეების დაკითხვა, ჩემი მოწმეთა სია ძალიან დიდია, დღეს დასაკითხი მოწმეებიც ჩემი სიიდან არიან. წინა სხდომაზე დაკითხული უმნიშვნელოვანესი მოწმე ჩემი სიიდან იყო, რომელმაც აბსოლუტურად სხვა სურათი დახატა და აბსოლუტურად სხვა გარემოებაზე ისაუბრა. მაგალითად, მან ისაუბრა იმაზე, თუ რა მოხდა, რამდენი პირი ჩხუბობდა, როდის მოხდა თუნდაც, დაჭრა და ვის მიერ. აქამდე ყველა დაკითხული მოწმე აცხადებდა თითქოს, ამ ბავშვებს, რომლებიც დაკავებულები არიან, მკვლელობის განზრახვა ჰქონდათ და მხოლოდ ორნი იყვნენო. მოწმემ კი განაცხადა, რომ ძალიან დიდი ჩხუბი, თავდასხმები იყო. მან ის სურათი ასახა, რომელიც რეალურად იყო და რაზეც აქამდე არცერთ მოწმეს უსაუბრია. ისიც დაადასტურა რომ ეს არ იყო განზრახ მკვლელობა. მან ერთ დანაზე და სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე ისაუბრა, თუნდაც იმაზე, თუ რა უძღოდა ერთ-ერთი პირის დაჭრას წინ. ბრალდება დღემდე გვიდასტურებდა, რომ ამ ორმა ბავშვმა ორი ბავშვის განზრახ მკვლელობა ჯგუფურად განიზრახა და თითქოს, სხვა პირები არაფერს აკეთებდნენ. მოწმემ კი თქვა, რომ იქ ის გარემოება არ იყო, რასაც აქამდე ბრალდება და მათი წარმოდგენილი მოწმეები აცხადებდნენ", - განმარტავს შარაშენიძე.
ცნობისთვის, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიან გარჩევას, ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.