მტკნარი სიცრუეა, თითქოს, ბრალდების მხარე არ აწვდის დაცვის მხარეს ნივთიერ მტკიცებულებებს და ამით ჭიანურდება საექსპერტო კვლევის ჩატარება. ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა - განაცხადა ჟურნალისტებთან ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.
"ბრალდების მხარემ, 2018 წლის 24 აპრილს სასამართლო სხდომაზე დააფიქსირა პოზიცია, რათა დაცვის მხარეს წაეღო ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებზეც აცხადებს დაცვა, რომ თითქოსდა ბრალდების მხარეს ეს ნივთიერი მტკიცებულებები არ მიუცია მისთვის. ჩვენ ვადასტურებთ მზადყოფნას, ნებისმიერ დროს, მათ შორის, არასამუშაო საათებში ან არასამუშაო დღეს, ნებისმიერ ადგილზე, სათანადო დოკუმენტაციის გაფორმების შემთხვევაში, დაცვის მხარეს მივაწოდოთ ხსენებული ნივთმტკიცებები, რომელზეც მათ მიეცემათ შესაძლებლობა, ჩაატარონ საექსპერტო კვლევა. ჩვენს მიერ ამ პოზიციის დაფიქსირების მიუხედავად, ჩემდა გასაკვირად, ვრცელდება ინფორმაცია, თითქოსდა ბრალდების მხარე არ აწვდის დაცვის მხარეს ნივთიერ მტკიცებულებებს და ამით ჭიანურდება საექსპერტო კვლევის ჩატარება. ეს არის მტკნარი სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა", - აცხადებს ფხაკაძე.
დღევანდელ სხდომაზე მოწმეების დაკითხვა გრძელდება. დაიკითხება ერთი ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა კონფლიქტში, ასევე ორი გამომძიებელი, რომლებიც მტკიცებულებების მოპოვების პროცესში უშუალოდ მონაწილეობდნენ.
ცნობისთვის, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიან გარჩევას, ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.