2018 წლის 26 აპრილს, ქალაქ ბრიუსელში „ევროპალატის“ 60 წლის იუბილე აღინიშნა.
ღონისძიებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი ესწრებოდა, რომელიც უკვე 2 ვადით იყო არჩეული ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად.
ასევე, საიუბილეო ღონისძიებას „ევროპალატის“ წევრი სხვადასხვა ქვეყნების სავაჭრო პალატების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში მიმდინარეობდა სამი პარალელური პანელური ვორკშოპი: „ვაჭრობა და ეკონომიკური დიპლომატია ევროკავშირში“, „უნარები“ და „მეწარმეობა“. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა უნარების თემაზე გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ავსტრიის ფედერაციული ეკონომიკური პალატის ვიცე-პრეზიდენტმა მართა შულცმა გახსნა.
ღონისძიების ფარგლებში „ევროპალატამ“ ევროკავშირის ინსტიტუციებს მეწარმეთა უფლებების დეკლარაცია წარუდგინა. დოკუმენტი ევროკავშირის ქვეყნების მეწარმეებს 12 წინა-პირობას უდგენს, რომლებიც მათ საერთაშორისო ვაჭრობის კონტექსტში დამატებით შესაძლებლობებს მისცემს. დეკლარაციაში ასევე ხაზგასმულია მეწარმეთა მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური როლი, რადგან დოკუმენტის მიხედვით მეწარმეებს არა მარტო გადასახადების გადამხდელების, არამედ განმანათლებლებისა და ინოვატორების ფუნქციებიც აქვთ.
„ევროპალატა“ იყო პირველი ბიზნეს-ორგანიზაცია, რომელიც ევროპის ქვეყნების ერთობლივი ინიციატივით დაარსდა. მისი დაფუძნების შესახებ ხელშეკრულებას ხელი 1958 წელს იტალიის დედაქალაქში მოეწერა. 6 ძირითადი წევრის გარდა დღეს „ევროპალატა“ 44 ეროვნულ და 2 ტრანსნაციონალურ სავაჭრო პალატას აერთიანებს. თავისმხრივ, ეს ქსელი მოიცავს 1700 რეგიონულ და ადგილობრივ პალატას, რომლებიც 20 მილიონ ბიზნეს-სუბიექტს აერთიანებენ, რომელთაგანაც უმეტესობა მცირე და საშუალო მეწარმეები არიან.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა 2000 წლიდან „ევროპალატის“ აფილირებული წევრია. მან საქართველოში კოორდინირება გაუწია ევროპალატის პროექტს “East Invest”, რომელიც წარმოადგენდა ევროკომისიის ინიციატივას და მისი მიზანი აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონის ქვეყნების (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვას რესპუბლიკა და უკრაინა) ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა იყო.