პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ .
კანონპროექტის მიხედვით, იზრდება ჯარიმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე - წვრილმან ხულიგნობაზე. აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე.
რაც შეეხება კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის - სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება გამოწვევს დაჯარიმებას 1000-დან 4000 ლარამდე.
კანონპროექტის მიზანია სახელმწიფოს წარმომადგენლების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტების შემცირება სანქციების გაზრდის გზით.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.