პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა კანონის პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. ცვლილებების თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ცნება. ასევე, ემატება ახალი VII პრიმა თავი, რომელიც შედგება ორი მუხლისგან (58 პრიმა და 58 სეკუნდა მუხლები).
აღნიშნულ მუხლებში გაწერილია მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის საქმეში ჩართვის მიზნები, პროცედურა და უფლება-მოვალეობები. გამომდინარე კანონპროექტის მიზანი კი არის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მიერ სამართალწარმოების პროცესში არასრულწლოვანი დაზარალებულის/მოწმის მხარდაჭერისა და მათი ინტერესების დაცვის სრულყოფილად უზრუნველყოფა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.