პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელის თანახმად იზრდება სკოლის მანდატურის უფლებამოსილება და წესრიგის დაცვასთან ერთად მას დაევალება სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაც. ცვლილებები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა წარადგინა.
კანონპროექტი, ითვალისწინებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა და გარე პერიმეტრის მაკონტროლებელი ვიდეოსათვალთვალო კამერების არსებობის სავალდებულოობას.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად დაამტკიცებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს შორის კოორდინაციისა და ინფორმაციის მიმოცვლის წესს.
მანდატური იძენს განცალკევებისა და ზედაპირულ დათვალიერების უფლებამოსილებას.
მოსწავლის უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებას დამატებით უნდა ესწრებოდეს სკოლის წარმომადგენელი, რაც ემსახურება მოსწავლის ინტერესებს დაცვას. ამავე მიზნით, მოსწავლის მიმართ უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების გამოყენების შესახებ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შედგეს ოქმი, რომელშიც სხვა ინფორმაციასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რა გარემოებათა საფუძველზე, რა მიზნით, სად და რა პირობებში, ვისი თანდასწრებითა და მონაწილეობით განხორციელდა უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლის უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მის მშობელს, რასაც სიახლის სახით დამატებით ითვალისწინებს წარმოდგენილი კანონპროექტი.
მოსწავლის განცალკევება შესაძლებელია განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუკი მოსწავლის ქმედებით საფრთხე ემუქრება პირთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. მოსწავლის განცალკევება განხორციელდება მისი მშობლის სკოლაში გამოცხადებამდე, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსწავლის უმეთვალყურეოდ დატოვება. განცალკევება მოხდეს მოსწავლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და მისთვის ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხო გარემოში.
კანონპროექტით ზუსტდება, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედება გასაჩივრებადია, რისთვისაც საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ვალდებულია, შექმნას საჩივრების მიუკერძოებელი განხილვის ეფექტიანი საშუალება.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას.