აჭარის ტურისტული პროდუქტების გაცნობისა და შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონებში პრეზენტაციებს იწყებს. 2 მაისიდან თელავის, თბილისის, სამცხე-ჯავახეთისა და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ პოტენციალს გაეცნონ. ახალგაზრდებში აჭარის რეკლამირება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ხვალ დაიწყება.
დილიდან უნივერსიტეტის ეზო აჭარის ტურისტული ღირსშესანიშნაოებების, სამთო-საზღვაო ტურისტული პროდუქტებისა და ტურისტული სერვისების ამსახველი ფოტოებითა და ბანერებით გაფორმდება. 11 საათიდან დაიწყება მხიარული შეჯიბრებები სტუდენტებისთვის, რომლის გამარჯვებულებიც მიიღებენ მონაწილეობას ბათუმში ზაფხულის ფესტივალი“-ზე დასასწრები 3 დღიანი საგზურის გათამაშებაში. აჭარის შესახებ მომზადებული ინტელექტუალური ვიქტორინის გამარჯვებულები 3 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტულის სეზონის გახსნას დაესწრებიან.
14:00 საათზე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები გამართავენ აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პრეზენტაციას, სადაც დეტალურად ისაუბრებენ რეგიონის ყველა სამთო თუ საზღვაო პროდუქტის შესახებ. ღონისძიებას ბათუმური ბენდის „ასეა სულ“ კონცერტი დაასრულებს.
„ჩვენ წელს პირველად ვიწყებთ მსგავს კომპლექსურ პროექტს შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი სამიზნე არიან ახალგაზრდები, რომლებსაც გვინდა ვაჩვენოთ, რომ აჭარაა არ არის მხოლოდ ზღვა, ეს არის ულამაზესი ეროვნული პარკებით, დაცული ტერიტორიებით, ეკო და სათავგადასავლო მარშრუტებით მდიდარი კუთხე. ერთი დაინტერესებული ახალგაზრდა კი ნიშნავს მის ირგვლივ მყოფ უამრავ თანატოლს, რომლებსაც შეუძლიათ დაისვენონ აჭარაში, იმოგზაურონ მთებში და აღმოაჩინო მათთვის უცნობი აჭარა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის სილამაზე, რაც აჭარის მთებს აქვს გაიცნოს ჩვენმა ახალგაზრდებმაც და მათთვის რეგიონი მხოლოდ ზღვაზე დასვენებასთან აღარ ასოცირდებოდეს. პირველ ეტაპზე ჩვენ 4 მსხვილი სახელმწიფო უნივერსიტეტი შევარჩიეთ საქართველოს რეგიონებიდან, თუმცა წლის ბოლომდე სხვა უნივერისტეტებსაც მოვიცავთ“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.
თელავის შემდეგ აჭარის პრეზენტაციები გაიმართება თბილისში, ქუთაისსა და სამცხე-ჯავახეთში:
3 მაისი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
4 მაისი - საქართველოს უნივერისტეტი
7 მაისი - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
8 მაისი- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი