ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეს ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. აღნიშნული ინფორმაცია „ჯი-ეიჩ-ენს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
„ცეცხლი ამ ეტაპისთვის ლოკალიზებული არ არის. ადგილზე ცოცხალი ძალა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 60 მეხანძრე-მაშველია მობილიზებული. ხანძარი მიუდგომელ ადგილზეა, რის გამოც, სამუშაოები მიმდინარეობს, რათა სახანძრო ჯგუფი ცეცხლის კერებთან რაც შეიძლება ახლოს მივიდეს“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
როგორც იქ განმარტავენ, ცეცხლის ლოკალიზებამდე შეუძლებელია იმის თქმა, თუ რა ფართობი ტყის მასივი დაიწვა. მათივე ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობის პროცესში ვეტმფრენის ჩართვის საჭიროება არ არსებობს. თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, ცოცხალი ძალა დაამატონ.
ცნობისთვის, ცეცხლი საკირეს ტყეში გუშინ გაჩნდა. ხანძარი ხმელ ხეებსა და ბუჩქებს გაუჩნდა.