ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერთი, პროექტ „Check in Georgia”-ს ფარგლებში 2018 წლის 30 აპრილიდან 5 მაისამდე თბილისის ვოკალისტთა I საერთაშორისო კონკურსი “Opera Crown” გაიმართება.
კონკურსი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრისა და “Classic Music”-ს ორგანიზებით ტარდება. კონკურსის მიზანია, გამოავლინოს ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერლები და ხელი შეუწყოს მათ კარიერულ წინსვლას. თბილისის კონკურსი რეგულარულად, ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდება და იგი ხელს შეუწყობს საოპერო ხელოვნების სფეროში საქართველოს დედაქალაქის რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბებას.
კონკურსის მონაწილეებს შეაფასებს საერთაშორისო ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც არიან ლეგენდარული ამერიკელი სოპრანო გრეის ბამბრი, ცნობილი ქართველი სოპრანო მაყვალა ქასრაშვილი, ლონდონის „კოვენტ გარდენის“, ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერას“, პარიზის ,,ნაციონალური ოპერას“, ბარსელონას „ლისეოს თეარტრის“ და მსოფლიოს სხვა წამყვანი საოპერო თეატრების და მსხვილი საპროდიუსერო სააგენტოების ხელმძღვანელები, ჟიურის თავმჯდომარე - თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე. კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 250-ზე მეტმა ახალგაზრდა მომღერალმა. პირველ ტურზე, წინასწარი შერჩევის საფუძველზე, დაშვებულ იქნა 50 კონკურსანტი ოცი ქვეყნიდან. კონკურსის მხარდაჭერები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქ. თბილისის მერია, აშშ-ს საელჩო საქართველოში, გოეთეს ინსტიტუტი, სასტუმრო ,,ამბასადორი“, ,,ჯორჯიან ეარვეისი“. კონკურსის საინფორმაცია მხარდაჭერას უზრუნველყოფს ტელეკომპანია „იმედი“.