უკრაინის სამხედრო პროკურორმა, ანატოლი მატიოსმა თავის Facebook- ის გვერდზე განაცხადა, რომ დონბასში კონფლიქტის დაწყებიდან დაახლოებით 3,8 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
„თავდაპირველად საბრძოლო მოქმედებების მონაწილის სტატუსი მიიღო 326 000 ადამიანმა, აქედან 8 489 დაშავდა და დაიჭრა, 3 784 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და სულ ცოტა 554 ადამიანმა თავი მოიკლა“ - წერს პროკურორი თავის გვერდზე.
მან ხაზი გაუსვა, რომ 2018 წელს, ნორმატიული დოკუმენტების არარსებობის გამო უკრაინაში არ ჩატარებულა ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია მებრძოლებისთვის.
"გულწრფელად ვფიქრობდი, რომ შედეგი არ იქნებოდა ბრწყინვალე, თუმცა მართლა არ ველოდი, რომ ყველაფერი ასე ცუდად იქნებოდა“ - წერს მატიოსი.