შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 4 თვეში ნარკოდანაშაულისთვის 754 პირი მისცა პასუხისგებაში.
როგორც ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, მათ შორის 394 პირი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ასევე რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემულია 754 პირი, მათ შორის 394 პირი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ასევე რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ბრალდებული 1 პირი სამართალდამცველებმა იმერეთში დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 780 აბი, 6 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“, 51 საბრძოლო ვაზნა და 15 ათასი ლარი, რომელიც ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად არის მიღებული", - განაცხადა ჭელიძემ.