თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 24 აპრილს, 10:30 საათზე ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა განახლდება.
დღევანდელ სხდომაზე კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება. თუ ვის დაკითხავს სხდომაზე სახელმწიფო ბრალდება, ეს ჯერ უცნობია.
პროცესის პარალელურად, სასამართლოს ეზოში გაიმართება აქცია ლოზუნგით: „ნუ მომკლავ - აღასრულე სამართალი“.
ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე, 2017 წლის პირველ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. ერთი მათგანი, ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე - დავით სარალიძე კი, მოგვიანებით, საავადმყოფოში. მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 2 დეკემბერს, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს. მეორე არასრულწლოვანს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურამ მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირი მისცა, რომელთა შორის, ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემულთაგანმხოლოდ სამი დააკავეს, რადგან ორ პირზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.