თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელია, - ამის შესახებ გარდაცვლილის ბებია, მერი გობაძე აცხადებს.
მისი განმარტებით, ყოფილი სიძე და ყოფილი ძალოვანი ცოლზე ძალადობდა, სცემდა და განქორწინების შემდეგ, მას შვილის მოკვლით ემუქრებოდა.
„ეგ ციხიდან გამოსაშვები იყო?! როგორ იკადრა, ბავშვებს თვალწინ დედა მოუკლა. ბევრი რამე არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ჩემს შვილს მოსვენებას არ აძლებდა. სცემდა, რის გამოც ჩემი შვილი გაშორდა და მას ემუქრებოდა შვილს მოგიკლავო. ერთხელ ბათუმში ისე სცემა, საავადმყოფოში მოხვდა. პოლიციამ ამ ყველაფრის შემდეგ რატომ არ მიიღო შესაბამისი ზომები? ამხელა ტრაგედია დაგვატყდა თავს. როგორც ჩემი შვილისგან ვიცი, პოლიციელი იყო წარსულში, ზუსტად რა თანამდებობა ჰქონდა, არ ვიცი", - განაცხადა მერი გობაძემ.
არსებული ინფრომაციით, 25 წლის გოგოს ყელი გუშინ, მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ გამოჭრეს. ერთ-ერთი ვერსიით, სავარაუდო დამნაშავე მოკლულის მამინაცვალია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის 13 აპრილს ვაკეში მომხდარ, 1993 წელს დაბადებული თ.გ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. უკვე დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლული თ.გ. და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ და ამ უკანასკნელის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება.
თ.გ.-მ პირადი საქმეების გამო, პოლიციის შენობა მარტომ, დედაზე ადრე დატოვა.
პოლიციაში მკვლელობის შესახებ შეტყობინება ორდერის გამოწერიდან მალევე შევიდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თ.გ. უკვე გარდაცვლილი დახვდათ.