საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დამატებითი ცენტრების შექმნა-მოწყობისა და აკრედიტაციის მიღებით დაინტერესებული კომპანიებისთვის ეკონომიკის სამინისტრომ წინადადებათა წარმოდგენის შესახებ მოწვევა გამოაცხადა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამისი ბრძანების მიხედვით, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ინსპექტირების დამატებითი ცენტრების საჭიროება და რაოდენობა გადანაწილდა სამ ლოტად, კერძოდ:
პირველ ლოტში გაერთიანდა თბილისი, ქობულეთი, ლანჩხუთი, ქარელი, საჩხერე, წალკა და აჭარა - ამ ლოტში შემავალ გეოგრაფიულ ტერიტორიებზე დამატებით შეიქმნება მსუბუქი ავტომობილის 12, 4 უნივერსალური და 1 მოძრავი ტესტირების ხაზი.
მეორე ლოტში: თბილისი, ოზურგეთი, ხობი, ახალქალაქი, დუშეთი, ამბროლაური,
სამცხე-ჯავახეთი/მცხეთა მთიანეთი - აქ დამატებით შეიქმნება მსუბუქი ავტომობილის 12, 4 უნივერსალური და 1 მოძრავი ტესტირების ხაზი.
მესამე ლოტში: თბილისი, ფოთი, სამტრედია, ბორჯომი, კასპი, დედოფლისწყარო, ყვარელი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, ლეჩხუმი, გურია - აღნიშნულ ლოტში დამატებით შეიქმნება მსუბუქი ავტომობილის 11, 5 უნივერსალური და 1 მოძრავი ტესტირების ხაზი.
დაინტერესებულ პირებს განაცხადი შეუძლიათ წარმოადგინონ მხოლოდ მთლიან ლოტზე (ერთზე ან რამდენიმეზე) და არა მათში შემავალ რომელიმე ცალკეულ გეოგრაფიულ ერთეულზე. ეკონომიკის სამინისტროში განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2018 წლის 14 მაისი, 18.00 საათი.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წელს დაიწყო და ის რამდენიმე ეტაპად ხორციელდება. პირველ ეტაპზე ინსპექტირების გადიან სატვირთო (3,5 ტონის ზემოთ) და სამგზავრო (8 ადგილს ზემოთ) ავტომობილები, 2018 წლის 1 ივლისიდან ინსპექტირებას ასევე დაექვემდებარება იურიდიული კომპანიებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ავტომობილები, 2018 წლის 1 ოქტომბრიდან მათ დაემატებათ ავტომობილები, რომელთა ძრავის მუშა მოცულობა შეადგენს 3000 კუბურ სანტიმეტრს ან მეტს, ხოლო 2019 წლის იანვრიდან - მსუბუქი კატეგორიის ყველა ავტომობილი.
საქართველოში არსებული მთლიანი საავტომობილო პარკის ინსპექტირების დაწყებისათვის, აუცილებელია, ერთის მხრივ, არსებული ინსპექტირების ცენტრების მობილიზება, ხოლო მეორეს მხრივ, ხელსაყრელი პირობების შექმნა ახალი ცენტრების შექმნის/მოწყობისა და აკრედიტაციის მიღებისათვის, იმ რეგიონებში, რომლებშიც არსებობს ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სერვისის მიწოდების შეფერხების რისკები. სწორედ ამ მიზნით გამოცხადდა მოწვევა წინადადებათა წარმოდგენის შესახებ ინსპექტირების დამატებითი ცენტრების მშენებლობისა და ოპერირების მიზნით მთელი საქართველოს მასშტაბით.
დეტალური ინფორმაცია გამოცხადებული ლოტების შესახებ განთავსებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე www.economy.gov.ge
(NS)