თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილაძის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა, რომლის მიხედვითაც, ხარშილაძე წარდგენილ ბრალში უდანაშაულოა.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, რის შემდეგაც სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში ხარშილაძის ადვოკატი, ვალერი გელბახიანი აცხადებს, საქმეში ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობდა.
„დასკვნით სიტყვაში დავასაბუთეთ, რომ დანაშაულებრივი ქმედების დასადასტურებლად არამხოლოდ, მტკიცებულება არ იყო საკმარისი, არამედ, რაც იყო მოპოვებული, კანონის უხეში დარღვევით იყო მოპოვებული. ასეთი წესით მოპოვებული მტკიცებულება არ შეიძლებოდა გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი გამხდარიყო.
სასამართლომ ერთი საათის შემდეგ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ არ დაკმაყოფილდა პროკუროების შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე და განაჩენი უცვლელი დარჩა“, - აცხადებს ვალერი გელბახიანი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდების მხარე დასაბუთებული განაჩენის ჩაბარების შემდეგ საკასაციო წესით გაასაჩივრებს.
ცნობისთვის, დავით ხარშილაძე გასული წლის, 14 მარტს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას, დამზადებას, გადაგზავნასა და გასაღებას გულისხმობს. აღნიშნული 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.