თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 13 აპრილს, 15:00 საათზე ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანების მკვლელობის საქმის განხილვა განახლდება.
ხვალ, დაცვის მხარე ბრალდების მხარის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოწმეს, მიხეილ კალანდიას დაკითხავს. ის წინა ხდომაზე ბრალდების მხარემ დაკითხა. არსებული ინფორმაციით, მოწმემ პროცესზე განაცხადა, რომ გამძიების ეტაპზე მას ჩვენება ზეწოლის შედეგად მიაცემინეს, მამამისს - თენგიზ კალანდიას კი, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია, სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ბრალდებულების ადვოკატების და დაზარალებულის განცხადებით, აღნიშნული მოწმის ჩვენებამ ბრალდების მხარის პოზიცია თავდაყირა დააყენა. მოკლულ დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აღნიშნავს, რომ კალანდიას ჩვენებამ საგამოძიებო ორგანოს დიდი დარტყმა მიაყენა და „ვიღაცა რაღაცას ისე აკეთებს, რომ როგორც თვითონ აწყობს, ისე დალაგდეს ყველაფერი“.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე, 2017 წლის პირველ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. ერთი მათგანი, ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე - დავით სარალიძე კი, მოგვიანებით, საავადმყოფოში. მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 2 დეკემბერს, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს. მეორე არასრულწლოვანს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირი მისცა, რომელთა შორის, ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემულთაგან მხოლოდ სამი დააკავეს, რადგან ორ პირზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.