"მოწმის ჩვენებამ გარკვეულწილად თავდაყირა დააყენა ბრალდების მხარის პოზიცია მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე", - განაცხადა ჟურნალისტებთან ხორავს ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ.
როგორც ადვოკატი აღნიშნავს, მოწმის მიმართ, საგამოძიებო ორგანოში დაკითხვისას სავარაუდოდ, კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი. ის საგამოძიებო ორგანოს მოუწოდებს, მოწმეს ჩვენების მიცემის საშუალება მისცენ.
"დღეს დაიკითხა ბრალდების მხარის ერთ-ერთი მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმე, რომელმაც სასამართლოს ბრალდების მხარის საწინააღმდეგო ინფორმაცია მიაწოდა აბსოლუტურად ყველა დეტალთან დაკავშირებით. აღნიშნული მოწმის ჩვენება იქნება უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება იმისათვის, რომ სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია არ გაიზიაროს.
ისევე როგორც სხვა მოწმეებმა, აღნიშნულმა მოწმემაც გამოძიებაში მიცემული ჩვენებები შეცვალა. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ დადგინდა, რომ როცა კონკრეტული მოწმე დაკითხეს, სავარაუდო კანონდარღვევებს ჰქონდა ადგილი. ვინაიდან, ბრალდების მხარემ მათი პოზიციის დამაზიანებელი ჩვენება მიიღო და ვინაიდან აღნიშნული მოწმის დაკითხვა არ დასრულებულა, საგამოძიებო ორგანოებს მინდა მოვუწოდო, ამ ადამიანის მიმართ არ განხორციელდეს და არ გაგრძელდეს არანაირი ზეწოლა. მოწმეს მისცენ საშუალება, რომ სასამართლოს ჩვენება მისცეს", - განაცხადა კაკაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე, 2017 წლის პირველ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. ერთი მათგანი, ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე - დავით სარალიძე კი, მოგვიანებით, საავადმყოფოში. მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 2 დეკემბერს, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს. მეორე არასრულწლოვანს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირი მისცა, რომელთა შორის, ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემულთაგან მხოლოდ სამი დააკავეს, რადგან ორ პირზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.