თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა მიმდინარეობს.
დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
დაცვის მხარის შეფასებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღნიშნული საქმის წარმოება პოლიტიკურადაა მოტივირებული.
"ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და ანგარიშსწორება, ასევე შერჩევითი მართლმსაჯულება მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ. პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებითაც დადასტურდა, რომ ხარჯები სრულიად გამჭირვალე იყო, მათ შორის პრეზიდენტის სტუმრებისთვის, მათი უცხოეთში გადაადგილებისთვის და ა.შ. მსგავს ხარჯებს გასწევს ნებისმიერი ქვეყნის პირველი პირი, მათ შორის, დღევანდელი ხელისუფლების პირველი პირებიც, ეს იქნება პრემიერ-მინისტრი თუ საქართველოს პრეზიდენტი. ამგვარი ხარჯები დართული იყო 2012 წლის, ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც", - განაცხადა სააკაშვილისა და ჯანაშიას ადვოკატმა, დავით კაკოიშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას, სახელმწიფო ბრალდება საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.