ახალგაზრდა ქალი პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძეს სექსუალურ შევიწროებასა და შანტაჟში ადანაშაულებს.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა როგორც სასამართლოს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩივრით მიმართა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დავის განხილვა უკვე დაიწყო. საქმე აღძრდა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. უწყება საჩივრის საფუძველზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით აწარმოებს, რაც „პირადი, ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას, შენახვას, ან გავრცელებას“ გულისხმობს.
ქალი, რომელიც თავს დაზარალებულად მიიჩნევს, ნიკა მაჭუტაძისგან დამცავი ორდერის გამოწერას ითხოვს.
ნიკა მაჭუტაძის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში პირველი პროცესი გუშინ გაიმართა, თუმცა იმის გამო, რომ ერთ-ერთი მოწმე სხდომაზე ვერ გამოცხადდა, ის გადაიდო. გამომდინარე იქიდან, რომ საქმეში პირადი ცხოვრების დეტალები ფიგურირებს, მომჩივანის შუამდგომლობით, პროცესი დახურული იყო.
როგორც სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ნიკა მაჭუტაძემ „პრაიმტაიმის“ განუცხადა, მას წარმოდგენა არ აქვს, რას ითხოვს ახალგაზრდა ქალი. მისივე თქმით, მათ „ბრწყინვალე და ჰარმონიული ურთიერთობები ჰქონდათ“.
ცნობისთვის, ნიკა მაჭუტაძე აქტიურ პოლიტიკაში პაატა ბურჭულაძის პარტიის სახელით გამოჩნდა. მას შემდეგ, რაც ბურჭულაძემ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, პარტიის ფორმალური ხელმძღვანელი მაჭუტაძე გახდა.