ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრის, მერაბ კვირიკაშვილის, იგივე მეკოს, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით კვირიკაშვილის მეგობარი და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული გიორგი ლომინაძე დაიკითხება. თავად კვირიკაშვილი ამ დრომდე კომენტარების გაკეთებისგან თავს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 21 ივლისს, სამტრედია-ქუთაისის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს, „იქს 5“ და „ჰონდას“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად, დაიღუპა მორაგბე მეკო კვირიკაშვილის მეუღლე, ანანო ბუაძე, „ჰონდას“ მგზავრები, გიორგი პაპასკირი, ნუცა კალანდია და ანი ჩხაიძე. მძიმედ დაშავდნენ, თავად მეკო კვირიკაშვილი, ასევე მორაგბე გიორგი ლომინაძე და ნუცა გუნცაძე.
გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, მეკო კვირიკაშვილს სასჯელის სახით 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.