საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით საუბარი ოფიციალურად არ მიმდინარეობს, მაგრამ ამ საკითხს განვიხილავთ, - განაცხადა ჟურნალისტებთან ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის დაკავებულ ბადურ ჩოფანაშვილის ადვოკატმა, დალი ბარბაქაძემ.
როგორც ადვოკატი აცხადებს, ჩოფანაშვილი დუმილის უფლებით სარგებლობს.
"რაც შეეხება პოზიციას, ჩოფანაშვილმა წინა სასამართლო სხდომაზე დუმილის უფლება გამოიყენა, რაც იმას ნიშნავს რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. შემდეგში მისცემს თუ არა კიდევ ჩვენებას, ეს მისი გადასაწყვეტია", - განაცხადა დალი ბარბაქაძემ.
საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებით კიდევ ერთი დაკავებულის, ზურიკო გორნაკაშვილის ადვოკატს, ირაკლი ბენიასაც არ მიუმართავს.
"ოფიციალურად საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადებით, ზურიკო გორნაკაშვილის და მის უფლებადამცველ ადვოკატს, ჯერჯერობით, არ მიგვიმართავს და მომავალში შევხვდები გორნაკაშვილს, პოზიციას შევათანხმებ და გამორიცხული არაა ამასთან დაკავშირებით, განცხადებით მივმართოთ", - აცხადებს ბენია.
რაც შეეხება ბრალის აღიარებას, როგორც ადვოკატი განმარტავს, გორნაკაშვილი არც წინა სხდომაზე აღიარებდა ბრალს.
"ბრალს წინა სასამართლოზე არ აღიარებდა, დღეს მოსამართლე კიდევ ერთხელ დაუსვამს აღნიშნულ შეკითხვას და სანამ თვითონ ბრალდებული გასცემს პასუხს, მანამდე ამ კითხვაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ... ის ჩვენების მიცემას სასამართლოშიც აპირებს. ეს მამხილებელი იქნება თუ არამამხილებელი, წინასწარ ვერ გეტყვით", - განაცხადა ირაკლი ბენიამ.
დღევანდელი პროცესი, რომელზეც მხარეებს შესავალი სიტყვები უნდა წარმოეთქვათ, გადაიდო. სხდომა 30 აპრილს, 11: 00 საათზე ჩაინიშნა.
ცნობისთვის, სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სულ 8 პირი დააკავეს. მათი საქმეები ცალკე წარმოებად გამოიყო და 8-დან 6 პირს ბრალი ტერორისტული ორგანიზაციის და ტერორისტებისთვის ხელშეწყობისთვის აქვს წაყენებული, ხოლო 2-ს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის.