ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის, ზვიად ფხაკაძის განცხადებით, მოწმემ, რომლის ტანსაცმელზეც სისხლი ამოვიდა, პროცესზეც დაადასტურა, რომ გარდაცვლილთან შეხება ჰქონდა.
"ექსპერტიზის დასკვნით, სხვადასხვა პირებზე ამოვიდა გარდაცვლილის სისხლი. ეს ბუნებრივია, ვინაიდან იმ მოწმემ, ვის ტანსაცმელზეც ამოვიდა სისხლი პროცესზე თავად არაერთხელ განაცხადა, რომ ჰქონდა მჭიდრო კონტაქტი გარდაცვლილთან. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მოწმემ გარდაცვლილთან კონტაქტი დაადასტურა. ეს განაცხადა როგორც ჩვენს მიერ ასევე დაცვის მხარის მიერ დაკითხვის დროს. არ შეესაბამება რეალობას ის რომ მოწმეს არ ჰქონია კონტაქტის გარდაცვლილთან და აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვები იმაზე, თუ როგორ მოხდა ერთ-ერთი გარდაცვლილის სისხლი მის ტანსაცმელზე. ეს არის საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების მცდელობა", - აცხადებს ფხაკაძე.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე, 2017 წლის პირველ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. ერთი მათგანი, ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე - დავით სარალიძე კი, მოგვიანებით, საავადმყოფოში. მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 2 დეკემბერს, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს. მეორე არასრულწლოვანს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირი მისცა, რომელთა შორის, ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემულთაგან მხოლოდ სამი დააკავეს, რადგან ორ პირზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.