მეოთხე დღეა, საბერძნეთის სასამართლოში ქართველი ქალის, დიანა ბერიძის მკვლელობაში ბრალდებული ბერძენი ანგიოქირურგის სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ საბერძნეთიდან წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, ბრალდებული ექიმი აზრს არ იცვლის და დანაშაულს კვლავ არ აღიარებს. მედიკოსი სასამართლოზე ამტკიცებს, რომ მას ბერიძის მკვლელობა განზრახული არ ჰქონდა და ეს იყო, ტრაგიკული, სამედიცინო შეცდომა. ანგიოქირურგის ჩვენებით, ის მომხდარის გამო პანიკაში ჩავარდა და გვამის გადამალვას შეეცადა. ის თავს დამნაშავედ სწორედ ამ ნაწილში თვლის.
ბერძნული სახელმწიფო ბრალდება თვლის, რომ ექიმს ახალგაზრდა ქალის მკვლელობა განზრახული არ ჰქონდა, თუმცა, მის სიკვდილს ხელი შეუწყო და არ დაეხმარა. პროკურატურა მის გასამართლებას სწორედ ამ მუხლით მოითხოვს.
ექსპერტიზის დასკვნით, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერებაა. დაკითხულმა ანესთეზიოლოგმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ იქ, სადაც ბერიძეს ოპერაცია ჩაუტარდა, სათანადო სამედიცინო ინვენტარი და მოწყობილობა, არც სასუნთქი აპარატი იყო.
ექსპერტიზის დასკვნით, გამოირციხა გაუპატიურების ფაქტიც.
თუ რა დასკვნას გამოიტანს ბერიძის მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ბერძნული სასამართლო, ეს მტკიცებულებათა გამოკვლევის და მოწმეების დაკითხვის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ 36 წლის ქართველი ქალის კვალი 2017 წლის 26 აპრილს, იპოკრატიოს საავადმყოფოში მისვლის შემდეგ გაქრა. მას ბერძენი სამართალდამცავები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. დიანა ბერიძის ცხედარი 4 მაისს, კუნძულ ხალხიდიკზე, ერთ-ერთ სოფელში იპოვეს. გარდაცვლილი ქმარმა საყურით ამოიცნო. გვამის აღმოჩენიდან მალევე დააკევს 38 წლის ანგიოქირურგი, რომელიც განზრახ მკვლელობას ამ დრომდე არ აღიარებს.