ბათუმის საზღვაო ნავსადგური დასაქმებულთა პროტესტის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ
2 აპრილის დილით, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის (შემდგომში-ნავსადგური) ადმინისტრაციული შენობის გამშვებ პუნქტთან შეიკრიბა ნავსადგურის დასაქმებულთა ჯგუფი, დაახლოებით 50 კაცის ოდენობით, რომლებმაც გამოხატეს საწარმოს ფინანსურ-ეკონომიკური საქმიანობის სტაბილიზაციისთვის ზომების მიღებაზე პროტესტი.
იმავე დღეს ნავსადგურის ადმინისტრაცია პროტესტში მონაწილე პირებს შესთავაზა მედიაციის პროცედურის ფარგლებში მოლაპარაკებების დაწყება და ნავსადგურის პროფკავშირთან ერთად წამოჭრილი საკითხების განხილვა.
„პროტესტში მონაწილე პირთაგან რვა დასაქმებულმა იმავე დღეს, 2 აპრილს, გამოაცხადა შიმშილობა. ნავსადგურის ადმინისტრაციამ მოშიმშილეები უზრუნველყო წლით, მედიკამენტებით, აგრეთვე უზრუნველყო სამედიცინო ბრიგადის მუდმივი მორიგეობა. ყოველ 30 წუთში სამედიცინო მუშაკი ახორციელებს მოშიმშილეთა შემოვლას.
მანამდე, 29 მარტს, ნავსადგურის ადმინისტრაციაში შემოვიდა პროფკავშირის დასაქმებულთა მიმართვა, სადაც წაყენებულია მოთხოვნები შემდეგი საკითხების დაუყოვნებლივ გადაწყვეტასთან დაკავშირებით:
1) მხარეთა შეთანხმებით გათავისუფლებული დასაქმებულების სამუშაო ადგილებზე აღდგენა.
2) დღესასწაულთან დაკავშირებით ფინანსური დახმარების გაცემა;
3) სადაზღვეო პაკეტის გადახედვა;
4) ნავსადგურში ჩასატარებელი ოპტიმიზაციის პროცესების შეჩერება, მათ შორის საქმიანობის ცალკეული არაპროფილური სახეობების აუტსორსინგში შემდგომი გადაცემა;
5) ნავსადგურის დასაქმებულთათვის შრომის ანაზღაურების გაზრდა.
დასმულ კითხვებს ნავსადგურის ადმინისტრაციამ პროფკავშირს გასცა ამომწურავი პასუხები.
2017 წლის ბოლოდან, ნავსადგურის ადმინისტრაცია იღებს ზომებს, რომლებიც მიმართულია საწარმოს რთული ფინანსურ-ეკონომიკური სიტუაციის სტაბილიზაციისაკენ.
2017 წლის შედეგების მიხედვით, ნავთობ ჩამოსასხმელი ტვირთების გადატვირთვის მოცულობა ნავსადგურში 2016 წელთან შედარებით შემცირდა 36%ით ( 3,6 მლნ.-დან 2,3 მლნ-მდე. ტ/წელიწადში). ნავთობ ჩამოსასხმელი ტვირთების გადატვირთვის მოცულობის პროგნოზი 2018 წლისთვის შეადგენს 1,1 მლნ. ტონას. შემცირების ძირითადი მიზეზი გახდა ნავთობის და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების ბაზრის სტრუქტურის შეცვლა. ამასთან, გასულ წელს ნავსადგურის წმინდა მოგებამ შეადგინა 0,9 მლნ. აშშ დოლარი, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 86 %-ით ნაკლებია. (2016 წელს 5,4 მლნ. აშშ დოლარი). 2018 წელს პროგნოზირებადი ზარალი შეადგენს დაახლოებით 1 მლნ. აშშ დოლარს.
ნავსადგურის მიმდინარე ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2017 წლიდან მიღებულ იქნა ნედლეულისა და მასალების ხარჯების 44%-ით, უცხოელი სპეციალისტების კი 63%-ით შემცირების ზომები. ასევე, საპენსიო ასაკს მიღწეულ ცალკეულ თანამშრომელთან მოლაპარაკების შედეგად, მხარეების შეთანხმებით, შეწყდა შრომითი ურთიერთობა, სამი თვის თანამდებობრივი სარგოს გადახდისა და 2018 წლის ბოლომდე სამედიცინო დაზღვევის შენარჩუნების პირობით. ნავსადგურის ადმინისტრაცია კოლექტივთან და პროფკავშირთან ატარებს გაცნობით შეხვედრებს ნავსადგურში მიმდინარე ღონისძიებების და ხარჯების ოპტიმიზაციის სამომავლო გეგმების შესახებ.
ნავსადგურის მმართველი კომპანია „ბათუმის ნავთობტერმინალი“ და ნავსადგურის ადმინისტრაცია იღებს ყველა ზომას, რათა მოლაპარაკების გზით მოაგვარონ შექმნილი ვითარება, ასევე არსებული საკითხების განსახილველად სთავაზობს ერთობლივი ჯგუფის შექმნას მედიაციის და სხვა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ინსტრუმენტების ფარგლებში”, აღნიშნულია ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მმართველი კომპანია „ბათუმის ნავთობტერმინალის“ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ ფლობს შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ ექსკლუზიური მართვის 100% აქციებს. შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ ახორციელებს ნავთობის, ნავთობპროდუქტების და აირის, ასევე მათი გადამუშავების პროდუქტების შეძენას და რეალიზაციას, გადაზიდვის, ტრანსპორტირების, ექსპედირების მომსახურებას.