თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 5 აპრილს, 10:30 წუთზე, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის დაპირისპირების შედეგად მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვაა ჩანიშნული.
დღევანდელ პროცესზე კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება.
წინა სასამართლო სხდომაზე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები გამოიკვლიეს.
როგორც დაცვის მხარე აცხადებს, გამოკვლეული ფარული ჩანაწერებიდან დასტურდება, რომ დანა გარდა ბრალდებული ორი არასრულწლოვანისა, სხვა მოზარდებსაც ჰქონდათ.
ბრალდების მხარე კი განმარტავს, რომ ამ ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერების და კიდევ სხვა მტკიცებულებების გათვალისწინებით, ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნება გამოტანილი.
საქმეს ასევე დაერთო ექსპერტიზის დასკვა, რომლის მიხედვითაც, როგორც დაცვის მხარე აცხადებს, გარდაცვლილთან უშუალო შემხებლობა მოწმის სახით დაკითხულ ერთ-ერთს მოზარდს უდასტურდება.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე, 2017 წლის პირველ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. ერთი მათგანი, ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე - დავით სარალიძე კი, მოგვიანებით, საავადმყოფოში. მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 2 დეკემბერს, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს. მეორე არასრულწლოვანს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირი მისცა, რომელთა შორის, ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემულთაგან მხოლოდ სამი დააკავეს, რადგან ორ პირზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.