გიორგი გიორგანაშვილის საქმეში ჯაბა ხულორდავა არის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, მაგრამ არა ერთადერთი, - განაცხადა პროცესის დაწყებამდე ორგანიზებულ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ "ბახალას" საქმის პროკურორმა, ირინე ჩოჩიამ.
"გიორგი გიორგანაშვილსა და ირაკლი ქორიძეს წარედგინათ ბრალდება, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას, 900 აბი ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბრალდების მხარემ მოიპოვა შესაბამისი მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებები, ასევე წერილობითი თუ სხვა სახის მტკიცებულებები, რომელიც ნამდვილად ადასტურებენ,რომ გიორგი გიორგანაშვილმა ირაკლი ქორიძემ და ჯაბა ხულორდავამ ორგანიზებულად შეიმუშავეს გეგმა, გაინაწილეს როლები. გიორგანაშვილის როლი ამ შემთხვევაში იყო ის რომ საზღვარგარეთ შეიძინა ნარკოტიკული საშუალებები, რაც თურქეთის ტერიტორიაზე გადასცა ჯაბა ხულორდავას, რომელმაც რეანიმობილის მეშვეობით შემოტანა 900 აბამდე ნარკოტოკული საშუალება საქართველოში", - განაცხადა პროკურორმა.
არსებული ცნობით, ჯაბა ხულორდავამ გამოძიებას ჩვენება 10 თვის წინ მისცა, თუმცა მის მიუხედავად, სამართალდამცავებმა ის რამდენიმე დღის წინ დააკავეს. თუ რატომ დასჭირდა გამოძიებას ამდენი დრო მის დასაკავებლად, როგორც პროკურორი განმარტავს, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობდა.
"გრძელდებოდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.მოგეხსენებათ, მხოლოდ ერთი პირია ჩვენება, როგორო ინფორმაციულიც არ უნდა იყოს, საკმარისი არ არის სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად. მოპოვებულ იქნა მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები, ასევე სხვადასხვა ინფორმაციები. შესაბამისად წარედგინა ბრალდება", - აცხადებს ირინე ჩოჩია.