თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანისა და შენახვისთვის ბრალდებულ ირაკლი ქორიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ დირექტორის შვილს, ირაკლი ქორიძეს ორ დანაშაულს ედავება. კერძოდ, ქორიძეს ბრალი ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და გადაზიდვაში. თუმცა, ის აღნიშნულ ბრალში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ამ საქმეს „შეეწიროს, მაგრამ სამართლიანობას მაინც აღადდგენს“.
„თუ ეს დანაშაული მე ჩადენილი მაქვს, მაშინ მომისაჯეთ რამდენი წელიც გინდათ. მე ეს დანაშაული არ ჩამიდენია. რომ მითხრან უვადო მუხლს მოგისჯიანო, არც საპროცესოზე წავალ, შეიძლება შევეწირო ამ საქმეს, სამართლიანობას მაინც დავაყენებ, აღარც ჩადება იქნება, აღარც დაბრალება და არაფერი იქნება. მე მაშინაც ბევრი ალტერნატივა მქონდა. ამნისტიის პირველი სიიდან რომ ჩემი გვარი გაქრა, იმის მერე სამჯერ მომიტანეს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საბუთი და სამჯერვე უარი ვთქვი, რაც დავადოკუმენტე. ამნისტიის მეორე აქტის მერე სია რომ აღარ შედგა, ეს საბუთები გამოიყენა ადამიანის უფლებათა კომიტეტმა შეწყალებისთვის. ასეთი დასკვნა არც ერთი პოლიტპატიმრის საქმეში არ დევს", - განაცხადა სასმართლო პროცესზე ქორიძემ.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 21 მაისს ჩაინიშნა.
ცნობისთვის, შსს-მ გასულ წელს თურქეთიდან რეანიმობილით უკანონოდ შემოტანილი დაახლოებით 900 აბი ნარკოტიკული საშუალების საქმის ორგანიზატორი დააკავა. აღნიშნულ საქმეში გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) ფიგურირებდა. შსს-ს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების შემოტანას ორგანიზებას შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელის შვილი ირაკლი ქორიძე უკეთებდა და ნარკოტიკული საშუალებების საზღვარზე გადმოტანისთვის რეანომობილებს იყენებდა.