ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის, ზვიად ფხაკაძის განცხადებით, დღეს დაკითხულმა მოწმემ პროცესზე დეტალურად ისაუბრა ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის შესახებ.
"მოწმემ სასამართლოს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ფაქტის თაობაზე. ასევე ბრალდების მხარემ სასამართლოს სხდომაზე წარადგინა გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მტკიცებულებათა ერთობლიობაში ასევე გამოკვლეული იქნება სასამართლო სხდომაზე. აღნიშნული დასკვნა ბრალდების მხარეს მიღებული აქვს მას შემდეგ, რაც ჩატარდა წინა პროცესი და კანონით დადგენილი წესით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე წაედგინა სასამართლოს. აღნიშნული მტკიცებულების დასაშვებობის თაობაზე ბრალდების მხარის შუამდგომლობასთან დაკავშირებით დაცვის მხარე პოზიციას მომდევნო სხდომაზე დააფიქსირებს",- განაცხადა ფხაკაძემ.
რაც შეეხება, დღეს დაკითხული მოწმის დაზიანების საკითხს, პროკურორმა განმარტა, რომ დაზიანების ფაქტზე გამოყოფილია ცალკე სისხლის სამართლის საქმე.
"მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო კონკრეტული საფუძვლების შექმნის შემთხვევაში, ვგულისხმობ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მისი დამზიანებელი პირი დაუყოვნებლივ მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში", - განაცხადა ფხაკაძემ.
შემდეგი სასამართლო პროცესი, 3 აპრილს, 10:30 საათზე ჩაინიშნა.