საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მოწვევით, 29 მარტს, შავი და კასპიის ზღვების როტაციული ჯგუფის პირველ საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს, თურქეთის, მოლდოვის, უკრაინისა და აზერბაიჯანის საავიაციო ხელისუფლებების პირველი პირები იღებდნენ.
მხარეებმა იმსჯელეს სამოქალაქო ავიაციის სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ტექნიკურ ორგანოებში რეგიონის წარმომადგენლობის მიზნით ურთიერთდახმარებისა და კოორდინაციის საკითხებზე. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ICAO-ს ბოლო აუდიტების ფარგლებში საქართველოს მიერ ნაჩვენები პროგრესი, ასევე ხაზი გაესვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს აქტიურ მუშაობას, რეგიონში გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების თვალსაზრისით.
„Black Sea Caspean Group“ (BSCG) წარმოადგენს თურქეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს საავიაციო ხელისუფლებების ერთობლივი ინიციატივის საფუძველზე შექმნილ ჯგუფს, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონის ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის და კოორდინაციის გაღრმავებას, როტაციული პრინციპის საფუძველზე ICAO-ს სტრუქტურულ ერთეულებში წარმომადგენლობის მიზნით. აღნიშნული ხელს შეუწყობს სამოქალაქო ავიაციის სექტორის განვითარებას წევრ სახელმწიფოებში და ჩვენი რეგიონის პოზიციონირებას საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებში.
ჯგუფმა მუშაობა 2013 წელს დაიწყო. 2014 წელს, მემომანდუმს ხელი მოაწერა ეკონომიკის სამინისტროს სამომაქალაქო ავიაციის სააგენტომ. 2016 წელს, ICAO-ს 39-ე ასამბლეის ფარგლებში გამართულ საბჭოს არჩევნებში, „Black Sea Caspean“ ჯგუფის კანდიდატი თურქეთის რესპუბლიკა არჩეულ იქნა ICAO-ს საბჭოს წევრად.