უზენაესმა სასამართლომ დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე ორი ინსტანციის მიერ გამართლებული ასლან ბეჟანიძე დამნაშავედ სცნო. მას 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ბეჟანიძეს 9 თვე წინასწარ პატიმრობაში მოხდილი აქვს, შესაბამისად, ის საპატიმროში 6 წელს გაატარებს.
მოსამართლეთა კოლეგიაში, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძეც შედიოდა.
ცნობისთვის, პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში ორი ინსტანციის მიერ ბეჟანიძის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გაასაჩივრა.
2004 წლის 27 ოქტომბერს, თბილისში, აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის 18 წლის შვილიშვილი, დავით ოთხმეზური მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე პროკურატურა 11 წლის განმავლობაში დუმდა. 2015 წელის მარტში კი პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გააქტიურა. 2016 წლის 26 მარტს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ასლან ბეჟანიძე დააკავეს. პროკურატურა ირწმუნებოდა, რომ 2004 წლის მკვლელობის დღეს, დავით ოთხმეზურსა და ასლან ბეჟანიძეს შორის კონფლიქტი მობილიურ ტელეფონთან დაკავშირებით წარმოიშვა, რა დროსაც, ბეჟანიძემ ოთხმეზურს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2016 წლის 22 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ასლან ბეჟანიძე უდანაშაულოდ სცნო და პატიმრობიდან გაათავისუფლა.
4 ოქტომბერს კი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა.