თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 30 მარტს, 10:00 საათზე, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.
დღევანდელ პროცესზე კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ბაქრაძის გამოკითხვა გაგრძელდება.
ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა წინა პროცესი, ბაქრაძემ თავის ჩვენებაში განაცხადა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილის გაყალბებაში მონაწილეობა მიიღო. მისივე თქმით, იარაღები შემთხვევის ადგილზე ზურაბ მიქაძემ მიიტანა.
ცნობისთვის, ზაზა ბაქრაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 28 თებერვალს დააკავეს. ის ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულია.
გამოძიების ინფორმაციით, 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე მომხდარი შემთხვევის დროს, ზაზა ბაქრაძემ, სხვა პირებთან ერთად, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა შემთხვევის ადგილზე მიიტანა.
ზაზა ბაქრაძეს, ჩადენილი დანაშაულის გამო, 2013 წლის 7 თებერვალს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რის საფუძველზეც, მასზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდა.
დაკავებულს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და 332-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს ედავებიან. აღნიშნულზე ბრალდებულია 5 პირი: გურამ დონაძე, ირაკლი ფირცხალავა, ზაზა ბაქრაძე, დავით იაშვილი და ზურა მიქაძე. აღნიშნული ყველა პირი, ბაქრაძის გარდა, გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფება.