გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრებმა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი კომიტეტის დებულებაში ცვლილების შეტანას.
კომიტეტი ზოგადად აკონტროლებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებას მისი გამგებლობისათვის მიკუთვნებული სფეროს მიხედვით. კომიტეტის დებულებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით კი, როგორც წესი, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობას კომიტეტი ყოველკვარტალურად განიხილავს და აღარ დაელოდება მთელი წლის გასვლას. ამ ცვლილების შესაბამისად, გაიწერება გეგმაც, რომლის მიხედვით, გარემოსდაცვით სფეროში ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობის კომიტეტში განხილვის გრაფიკი დაზუსტდება.
საკითხი კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ გამოიტანა.
„კომიტეტი წინა წელს ძალიან აქტიური იყო ბიუჯეტის შემუშავების ნაწილში. წელს კომიტეტმა ასევე აქტიურად დაიწყო მუშაობა წინა წლის ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლის კუთხით. უკვე მოვისმინეთ სამინისტროს ანგარიშიც. თუმცა ამ დებულების მუხლში ცვლილის დამატების მთავარი აზრი არის ის, რომ კომიტეტმა, როგორც წესი, ყოველკვარტალურად განახორციელოს მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულებაზე მოსმენა სამინისტროს შესაბამისი უწყებებისაგან, რომლებიც კომიტეტის გამგებლობას მიეკუთვნება. ამით, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ იმის მნიშვნელობას, თუ რამდენად საჭირო და აუცილებელია რომ კომიტეტის ზედამხედველობა კიდევ უფრო გაძლიერდეს ბიუჯეტის არა მხოლოდ დაგეგმარების, არამედ შესრულების ნაწილშიც“, - განაცხადა კახა კუჭავამ.