27 მარტს, 11:00 საათზე, სასტუმრო "რუმს ჰოტელ თბილისში", საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC) ბიზნეს-სექტორს უცხოელ ბიზნეს-პარტნიორებთან ურთიერთობისას არბიტრაჟის კუთხით გასათვალისწინებელ პრაქტიკას გააცნობს. ღონისძიებას სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი კომპანიები და პალატის საბჭოს წევრი 36 უმსხვილესი ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრებიან, რომლებსაც აქვთ ბიზნეს-ურთიერთობები უცხოელ პარტნიორებთან, ხშირად უწევთ მათთან ხელშეკრულების დადება და სამართლებრივ ურთიერთობებში შესვლა.
ღონისძიებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი გახსნის, შემდეგ კი გაიმართება სემინარი თემაზე: დავების გადაწყვეტის მექანიზმის შერჩევა უცხოელ ბიზნეს პარტნიორთან და პროცესის წარმოება (საუკეთესო მიდგომა და პრაქტიკული რჩევები);
ღონისძიების ფარგლებში დავების გადაწყვეტის მექანიზმის მნიშვნელობასა და არსს განიხილავენ, ასევე საუბარი შეეხება საარბიტრაჟო შეთანხმების შედგენისას გასათვალისწინებელ ფაქტორებს. სემინარი დისკუსიის ნაწილსაც მოიცავს. ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ არბიტრაჟის ინსტიტუტთან და საარბიტრაჟო პრაქტიკასთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემაზე კითხვები დასვან და პრობლემური საკითხის შემთვევაში გამოსავლის გზებზე იმსჯელონ.
საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი სავაჭრო-სამრეწველო პალატამ 2013 წელს დააფუძნა. იდეა საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე გაჩნდა. ორგანიზაციის შექმნამდე ამ საკითხზე აქტიურად იმუშავეს პალატისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ასევე, საარბიტრაჟო ცენტრის შექმნის პროცესში მნიშვნელოვანი როლი სამუშაო ჯგუფმა ითამაშა, რომელიც როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლებისგან შედგებოდა. საქმიანობის განხორციელების პროცესში საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი სავაჭრო-სამრეწველო პალატისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელია. საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის პირველი და ერთადერთი საარბიტრაჟო ინსტიტუტი საქართველოში, რომელიც არ არის ორიენტირებული მოგებაზე.