სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ 16 მარტს გუდაურში ძაბვის ვარდნის შესახებ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ გუდაურის საკურორტო ზონაში ავარიულ გათიშვას ან ძაბვის ვარდნას კომპანიის ქსელში ადგილი არ ჰქონია. მათი ინფორმაციით, საერთაშორისო ექსპერტების მიერ შედგენილი პირველადი დასკვნა შესაძლოა გულისხმობდეს საბაგირო გზების შიდა, ლოკალურ ელექტროქსელში ძაბვის ვარდნას.
„სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ გუდაურის საკურორტო ზონაში ავარიულ გათიშვას ან ძაბვის ვარდნას კომპანიის ქსელში ადგილი არ ჰქონია. ამის დასადასტურებლად, ისიც საკმარისია, რომ გუდაურში არსებულ არცერთ საბაგიროზე, ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება მთელი დღის განმავლობაში არ მომხდარა. საერთაშორისო ექსპერტების მიერ შედგენილი პირველადი დასკვნა შესაძლოა გულისხმობდეს საბაგირო გზების შიდა, ლოკალურ ელექტროქსელში დაფიქსირებულ რაიმე სახის ხარვეზს, თუნდაც ძაბვის ვარდნას. თუმცა, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ლოკალურ ქსელში არსებულ ხარვეზზე ინფორმაცია არ გააჩნია და ვერც ექნება იმ მიზეზის გამო, რომ არ ახორციელებს აღნიშნული ქსელის ექსპლუატაციას, შესაბამისად არ არის პასუხისმგებელი მის გამართულ ფუნქციონირებაზე.
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ გამოთქვამს მზადყოფნას, ექსპერტთა ჯგუფს წარუდგინოს დოკუმენტაცია იმის დასადასტურებლად, რომ 16 მარტს გუდაურის საკურორტო ზონაში ელექტრომომარაგების კუთხით შეფერხებას ადგილი არ ჰქონია“, აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.